“ქუჩის ბავშვი”

ტერმინი “ქუჩის ბავშვი” საზოგადოებაში ბოლო წლებში გავრცელდა და დამკვიდრდა. ასე იმ ბავშვებს ახასიათებენ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, მათხოვრობენ, ქურდობენ, ყაჩაღობენ ან პროსტიტუციას ეწევიან. მათი უმეტესობა ტოქსიკომანია, წებოს შეძენას კი ისინი ძირითადად ქუჩაში შეგროვებული ფულით ახერხებენ.

პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 9 წლის გიორგი, ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებს. არ საუზმობს, ხშირად არც პირს იბანს. წლების წინ გაეროს ნაჩუქარ ტანსაცმელსაც სწრაფად იცვამს, ახმეტამდე 9 კილომეტრი მაინც აქვს გასავლელი, ნაწილი ფეხით, ნაწილიც შეიძლება მანქანით, ისიც სამგზავრო ავტობუსი თუ შეხვდა სადმე და გაუჩერა. სახლში, სადაც დედასთან და ოთხ მცირეწლოვან და – ძმასთან ერთად ცხოვრობს, კვირაში ერთხელ ბრუნდება. ფიზიკურად შრომობს, მაგრამ იმდენს ვერ შოულობს, რომ ტრანსპორტით მგზავრობისთვის ყოველდღიურად 3 ლარი მაინც გადაიხადოს.

“მამა არ მყავს. 6 წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა. დედა არსად მუშაობს და ჩემს გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს. ხშირად მშივრები ვართ, თან უფროსი ძმა ინვალიდია. დანარჩენი და–ძმები კი პატარები არიან და რჩენა უნდათ. დედა სახლიდან დილით გადის და გვიან ღამით მოდის. შეიძლება არც მოვიდეს ხოლმე და თუ ძალიან გვიან მოვიდა და უხასიათოდ არის, ან ნასვამია, პატარებს არაყს ასმევს, რომ მშივრებმა არ იტირონ და დაეძინოთ. ამას რომ ვუყურებ, სახლში მისვლა აღარ მინდა.”

– აბა, ღამეს სად ათევ? მთელი დღე ქუჩაში რას აკეთებ?

– აქამდე თელავის ცენტრალურ ქუჩებში ან ბაზარში დავხეტიალობდი და ვმათხოვრობდი. ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ სამუშაოდ ამიყვანა. საწყობიდან მაღაზიამდე ტვირთს ვეზიდები. მძიმეა და უფროსი ბევრჯერ ფულსაც არ მაძლევს, მატყუებს ან მემუქრება, თუ წახვალ, პოლიციას ვეტყვი, რომ მანამდე ქურდობდი და დაგიჭერენო. ამიტომ, ეს სამუშაო მათხოვრობას მაინც მირჩევნია. გვიანობამდე ვმუშაობ, ღამეს კი ძველი ავტოსადგურის მოსაცდელში ვათევ.

– ღამით გარეთ მარტო ხარ თუ სხვა თანატოლებთან ერთად? პოლიციასთან პრობლემები არ გაქვთ?

– არა, რამდენიმე ბიჭი ვართ. ყველაზე უფროსი, ზურა, 14 წლისაა, თელაველია. დანარჩენები მასზე უმცროსები ვართ. ზამთარში გვციოდა, მაგრამ ცეცხლს ვერ ვანთებდით, რომ ყურადღება არ მიგვექცია და პრობლემები არ შეექმნათ. პოლიციის თანამშრომლებმა ერთხელ ძალიან მცემეს. ჯიხურში სიგარეტს ვყიდულობდი და იქ მოვიდნენ. შემომხედეს, შემაგინეს და გამარტყეს. არ ვიცი რატომ. ეხლა არაფერს გვიშავებენ, არ ვქურდობთ. ერთი ჩვენი მეგობარი 7 წლის არის. ის მათხოვრობს, ეკლესიასთანაც დგას, უფრო მეტად კი ბაზარში. დედამისის დავალებით არის გამოსული სახლიდან, ყოველ საღამოს 5 ლარი უნდა მიუტანოს. თუ რომელიმე დღეს მეტს მოაგროვებს, ჩვენც გვაძლევს. ეს მხოლოდ დღესასწაულების დროს ხდება. ფული როცა გვაქვს, წებოსაც ვყიდლობთ, უფრო მეტად აბები აფთიაქიდან გამოგვაქვს. რამდენიმეს დავლევთ და ვკაიფობთ.

– სკოლაში მარტო შენ არ დადიხარ, თუ შენი მეგობრებიც ვერ იღებენ განათლებას?

– სკოლაში რით ვიარო, არც ტანსაცმელი მაქვს და არც ფეხსაცმელი. თან სწავლაც არ მინდა. ქუჩის ცხოვრება რთულია მაგრამ შევეჩვიე. სკოლაში არც ჩემი მეგობრები დადიან.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ “ქუჩის ბავშვები” საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას საჭიროებენ. “სახელმწიფოს დამოკიდებულება “ქუჩის ბავშვების” მიმართ აბსოლუტურად განსხვავებულია. “ქუჩის ბავშვების” ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რთულია მათი ინსტიტუციებში მოთავსება – უმეტესობას ჰყავს მშობლები, რომლებიც ხშირად თვითონ უბიძგებენ შვილებს მათხოვრობისა და დანაშაულისაკენ. ეს ბავშვები პატარაობიდანვე სწავლობენ ქუჩაში ცხოვრებას, წვრილი ქურდობითა და მათხოვრობით აქვთ საკუთარი შემოსავალი, შესაბამისად იძენენ “თავისუფლებას” და ვერ ეგუებიან საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული წესებით ცხოვრებას”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

“ქუჩის ბავშვების” პრობლემებთან დაკავშირებით, ომბუდსმენი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: შეიქმნას ბავშვების რეალური დამცავი მექანიზმი, როცა არსებობს ეჭვი, რომ მშობელი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ახდენს შვილზე; განათლების სამინისტრომ სხვა პროგრამებთან ერთად გამოკვეთოს “ქუჩის ბავშვების” პრობლემის მიმართულებით თავისი პოლიტიკა.

“სახელმწიფომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა შეიმუშაოს კონკრეტული პოლიტიკა, რაც დღემდე არ არსებობს. კანონით დადგენილი ან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას გამოუსწორებელ პრობლემებამდე მივყავართ და კონკრეტული ბავშვების ცხოვრებას უკავშირდება. შემდგომში კი წარმოშობს ფენას, რომელშიც დიდია დანაშაულების რისკი; როგორც ცნობილია, ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი ხშირად ებმება სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში და ხვდება ციხეში, სადაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება”, – ამბობს სახალხო დამცველი.

განათლების სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ “ქუჩის ბავშვის” შესაბამის ინსტიტუციაში მოთავსება ერთმანეთიდან გამომდინარე მთელ რიგ სირთულებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ საკითხების მოგვარებაზე აქტიურად ფიქრობენ.

ბავშვთა უფლებებზე მუშაობს ა/ო “ადამიანის უფლებათა ცენტრიც”. ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, აუცილებელია ბავშვების ქუჩაში მათხოვრობისგან დაცვა, იმ შემთხვევებში კი როდესაც ადგილი აქვს მათ იძულებას, ამისათვის არსებული კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს.

“საჭიროა უფრო კომპლექსური და კონკრეტული საკანონმდებლო ბაზის შექმნა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო ნების გამოვლენა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება “ქუჩის ბავშვების” წინაშე. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის არსებული მექანიზმიც კი არ არის ამუშავებული.

ქუჩის ბავშვებში გავრცელებული ტოქსიკომანიის პრობლემაც სახელმწიფოს მხრიდან მოუგვარებელია. საქართველოში არ არსებობს კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიც ბავშვებს ამ სენისგან დაიცავს. არ ხორციელდება ტოქსიკომანი ბავშვების რეაბილიტაციის არცერთი სახელმწიფო პროგრამა. ამ მიმართულებით რთული ვითარება უფრო მეტად რეგიონებშია, რადგან თბილისში რამდენიმე კომერციული პროექტი მაინც ხორციელდება. ამგვარი უყურადღებობა ყოველწლიურად ამძიმებს სურათს – უარესდება ქუჩის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – აცხადებს იურისტი.

შს სამინისტროს რაიონული სამმართველოებიდან, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ადგილობრივი განყოფილებებიდან და კახეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, “ქუჩის ბავშვების” სიკვდიალიანობამ მკვეთრად იმატა. ოფიციალური ინფორმაციით 7-მა ტოქსიკომანმა ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით, რომელსაც მიერთებულია საქართველო, განსაზღვრულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას უნდა იღებდნენ იმ მიზნით, რომ ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან, ნებისმიერი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან და ა.შ. “ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის კავშირის” წარმომადგენელი თინათინ ფხოველიშვილი ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ ასრულებს.

ბავშვთა უფლებების დამცველების თქმით, სახელმწიფო ვერაფერს სთავაზობს ბავშვებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში გაატარეს ან ატარებენ, რათა ისინი შემდგომში საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბდნენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბავშვის რეაბილიტაციისა და გადარჩენის გზა სწორედ ასეთ საკითხებს უკავშირდება. აუცილებელია მათი დახმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა აკლდა მას, როდესაც ქუჩაში ცხოვრობდა და მთელ დღეებს მათხოვრობაში ატარებდა.

Advertisements

2 thoughts on ““ქუჩის ბავშვი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s