ქართველები და კულტურა

ქართველები ყოველთვის დიდი სიამყით აღნიშნავენ ხოლმე, რომ კულტურული ერი ვართო. თუმცა, რაში გამოიხატება ეს კულტურულობა ალბათ თავადაც არ იციან. რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი რამაა რაც არ მომწონს, მაგრამ ამჯერად საუბარი მექნება აპლოდისმენტების კულტურაზე. გუშინ, 26ნოემბერს ქ. თბილისში მარჯანიშვილზე მდებარე დარბაზ  “მოზაიკაში” გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა რეგიონებში არსებული ანსამბლები. მათ თან, რა თქმა უნდა, თავიანთი გულშემატკივრებიც მოყვნენ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ჩემთვის ის იყო, რომ აპლოდისმენტებს მხოლოდ თავიანთ ანსამბლებს უკრავდნენ.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული ცეკვები, რაჭული, მთიულური, აჭარული, სვანური, ლაზური, გარე კახური. ყველა ცეკვა ლამაზი იყო, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ დარბაზში მსხდომ ხალხს საშინლად ეზარებოდათ ტაშის დაკვრა. ანსამბლები ძირითადად პატარა ბავშვებისგან იყო წარმოდგენილი, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გაგიჩინოს სურვილი, რომ ტაში დაუკრა. პატარებს, რომლებიც სცენაზე დგანან და ცეკვავენ, უხარიათ ტაშის ხმა, მათთვის ეს დიდი ბედნიერებაა, ამასთანავე დებიუტანტებიც იყვნენ, წესით დარბაზს აქტიურად უნდა გაემხნევებინა კონცერტის თითოეული მონაწილე, მაგრამ ეს არ მოხდა.

შედეგად მივიღეთ დაძინებული მაყურებელი, რომელსაც ალბათ ვერც კი გაეგო, რატომ იმყოფებოდა იქ. მე არ მესმის, თუკი არ შეგიძლია სიამოვნების მიღება ცეკვის ყურებით, რატომ უნდა წახვიდე მსგავს კონცერტზე. ცუდი მომენტი იყო, როცა მაყურებელთა რაღაც ნაწილი უკრავს ტაშს და დანარჩენი დარბაზი დუმს. ვიდეოში ეს კარგად ჩანს.

იხ.ვიდეო-რაჭული

P.S როცა კონცერტზე მიდიხართ, ტაშიც უნდა დაუკრათ, ეს ბევრს ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენაზე დგას.

Advertisements